იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელი

Tuesday, April 24, 2012

ბიომრავალფეროვნება

საქართველოს ბიომრავალფეროვნების გლობალური მნიშვნელობა

ამჟამად დედამიწაზე გამოყოფენ ბიოლოგიური მრავალფეროვნების 25 "ცხელ წერტილს". მათ შორის ერთ-ერთი კავკასია, კერძოდ, საქართველოა. კავკასია ასევე 200 გლობალურ ეკორეგიონს შორისაა, რომელიც ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) მიერაა გამოყოფილი ისეთ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, როგორიცაა: სახეობრივი მრავალფეროვნება, ენდემიზმის დონე, ტაქსონომიური უნიკალურობა, ევოლუციური პროცესები და ფლორისა და ფაუნის ისტორიული განვითარების თავისებურებები, მცენარეულობის ტიპების მრავალფეროვნება და ბიომების იშვიათობა გლობალურ დონეზე.    http://nacres.org/

საქართველოს მცენარეთა და ცხოველთა სამყარო

საქართველო ზომიერი კლიმატის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი უმდიდრესია ფლორისტული თვალსაზრისით. საქართველოს ფლორის შემადგენლობაში ჭურჭლოვან მცენარეთა 4 100-ზე მეტი სახეობაა (მთელს კავკასიაში 6 350-მდე სახეობაა აღწერილი). ფლორის დაახლოებით 21%, ანუ 900-მდე სახეობა ენდემურია (600 კავკასიის, 300 საქართველოს ენდემი). მაღალია საქართველოს ფლორის გვარობრივი ენდემიზმიც. აქ 16 ენდემური და სუბენდემური გვარია წარმოდგენილი.

უხერხემლოები

საქართველოს მრავალფეროვანი ბუნებრივი პირობები განაპირობებენ უხერხემლოთა ფაუნის სახეობრივ მრავალფეროვნებას. მათ შორის მრავალი ენდემია.
უხერხემლოთა სხვადასხვა ჯგუფები განსხვავდებიან შესწავლის სისრულის მიხედვით, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ცალკეული ტაქსონი საკმაოდ კარგადაა გამოკვლეული. ეს პირველ რიგში ითქმის პეპლებზე (Lepidoptera: Geometridae), ხოჭოებზე (Coleoptera: Curculionidae, Carabidae), ბრტყელ ჭიებზე (Nemathelmintes); სიფრიფანაფრთიანებზე (Hymenoptera), თანაბარფრთიანებზე (Homoptera (რიგი) Psyllodea (ქვერიგი)).
ენდემური და საფრთხეში მყოფ უხერხემლოთა სახეობების სიმრავლით გამოირჩევა საქართველოს შემდეგი რაიონები: დიდი კავკასიონის მაღალმთიანეთი, კოლხეთი, ბორჯომის ხეობა, ივრის ზეგანი, მესხეთის ქედის სამხრეთ მთისწინები.

ხერხემლიანები

თევზები

საქართველოს მტკნარ წყლებში გავრცელებულია თევზების 80-ზე მეტი სახეობა, რომელთა შორის ბევრი ენდემურია. მაგალითად, მტკვრის აუზში გავრცელებული 12 სახეობის თევზიდან, 9 მტკვრისა და მისი შენაკადების ენდემს წარმოადგენს. მათ შორის აღსანიშნავია მტკვრის წვერა (Barbus lacerta), მურწა (Barbus mursa), ჭანარი (Barbus capito) და სხვ. შავი ზღვის აუზის თევზებიდან 6 სახეობა ენდემს წარმოადგენს; გარდა ამისა, აქ გავრცელებულია ზუთხისებრთა ოჯახის 5 სახეობა, რომელთა შორისაა გაქრობის პირას მყოფი ატლანტური ზუთხი (Acipenser sturio). გარდა ადგილობრივი სახეობებისა, საქართველოში გვხვდება 9 ინტროდუცირებული სახეობა, მათ შორის ყველაზე ფართოდ გავრცელებულია კარჩხანა (Carasius carasius).

ამფიბიები

საქართველოში გავრცელებულია ამფიბიების 12 სახეობა. მათგან აღსანიშნავია კავკასიური სალამანდრა (Mertensiella Caucasica), სირიული მყვარი (Pelobates syriacus), კავკასიური ჯვრიანა (Pelodytes caucasicus) და სხვ.
ამფიბიათა სახეობრივი მრავალფეროვნების თვალსაზრისით, განსაკუთრებით მნიშვნელოვან ჰაბიტატს წარმოადგენს მთიანი კოლხეთის ტყეები.

ქვეწარმავლები

საქართველოში გავრცელებულია ქვეწარმავლების 50-ზე მეტი სახეობა. მათ შორისაა: 3 სახეობის კუ; 27 სახეობის ხვლიკი და 23 სახეობის გველი (მაგ. Pelias kaznakovi, P. dinniki). ამათგან Pelias-ს გვარის წარმომადგენელი სამი სახეობის გველი და Archaeolacerta-ს წარმომადგენელი 12 სახეობის ხვლიკი კავკასიის ენდემია. კავკასიის ენდემს წარმოადგენს აგრეთვე ამიერკავკასიური მცურავი (Elaphe hohenackeri), მრავალი სახეობა მოწყვლადია მსოფლიო არეალის ფარგლებში.

ფრინველები

საქართველოში გვხვდება ფრინველთა 300-ზე მეტი სახეობა. მიგრირებადი სახეობებისთვის მნიშვნელოვანი დასასვენებელი და დასაზამთრებელი ადგილებია კოლხეთის დაბლობი (სანაპირო ზოლისა და პალიასტომის ტბის ჩათვლით) და ჯავახეთის ზეგნის ტბების სისტემა. საქართველოში გავრცელებული ფრინველებიდან 3 კავკასიის ენდემს წარმოადგენს: კავკასიური როჭო (Tetrao mlokosiewiczi), კავკასიური შურთხი (Tetraogalus caspius) და კავკასიური ყარანა (Phylloscopus lorenzi).

ძუძუმწოვრები

წვრილი ძუძუმწოვრები

საქართველოში გავრცელებულია წვრილი ძუძუმწოვრების ოთხი რიგის 79 სახეობა: მწერიჭამიები - 10 სახეობა, ხელფრთიანები - 29 სახეობა, მღრღნელები - 39 სახეობა და კურდღლისნაირები - 1 სახეობა. წვრილი ძუძუმწოვრებიდან აღსანიშნავია კავკასიის ენდემური სახეობები, როგორიცაა: Sorex caucasica, Sorex volnuchini, Talpa caucasica, Neomis schelkovnikovi, Sicista caucasica, Sicista khlukhorica, Sicista kazbegica, Prometheomys schaposchnikovi Chionomys gud და სხვა. არაენდემური სახეობებიდან აღსანიშნავია Suncus etruscus, Sciurus anomalus, Allactaga elater, Rhinolopus euriale, Rhinolopus mehelyi, Myotis emarginatus და სხვა. გარდა ზემოთ აღნიშნულისა, საქართველოში გვხვდება ინტროდუცირებული სახეობები (Sciurus vulgaris, Myocastor coypus, Ondatra zibethicus).

მსხვილი ძუძუმწოვრები

საქართველოში გავრცელებულია მსხვილი ძუძუმწოვრების სამი რიგის - მტაცებლების, წყვილჩლიქოსნების, ვეშაპისნაირების - 30 სახეობა.
XX საუკუნის 20-იანი წლებიდან დაიწყო მსხვილ ძუძუმწოვართა არეალებისა და რიცხოვნობის კატასტროფული შემცირება. ამჟამად მრავალი მათგანი გაქრობის საფრთხის წინაშეა. ჯიქისა და ზოლიანი აფთრის მხოლოდ ერთეული ეგზემპლარებიღა შემორჩა. მთლიანად გაქრა ქურციკი და ნიამორის სამხრეთი (თრიალეთის ქედის) პოპულაცია.
მსხვილ ძუძუმწოვრებს შორის აღსანიშნავია ორი სახეობის ჯიხვი: Capra cylindricornis  და C. caucasuca, რომლებიც კავკასიის ენდემებს წარმოადგენენ.
                     პრიორიტეტული სახეობები:

ზოლებიანი აფთარი 
მურა დათვი 
ქურციკი(ჯეირანი)
წავი
მგელი
ლეოპარდი
ჯიხვი და ნიამორი
ლეოპარდი
                                                            

2 comments:

  1. vnaxe nacres.org rac dzalian sainteresoa. yvelas girchevt naxot. aucileblad unda aikrdzalos ukanono nadiroba anu brakoniereba. is dzalian did safrtxes uqmnis cxovelebis gadashenebas.

    ReplyDelete
  2. მას რა იწვალეს ამ ვიდეოებზე :)

    ReplyDelete