იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელი

Sunday, December 12, 2010

საშინაო დავალაბა(მე–3 კლასი)

თემა:საარსებო გარემო
გაკვეთილის სათაური:ფრინველთა ბუდეები
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ ზოგიერთი ცხოველის საბინადროს აგების თავისებურებების აღწერა.
ბუდე, ნაგებობა, რომელსაც ცხოველი იშენებს შთამომავლობის გამოსაზრდელად ან თავშესაფრად. გამრავლებისათვის გამოსაყენებელი ბუდე ნაირგვარია. მაგ., ობობას ბუდე ქსლისაგან მოქსოვილი პარკია, მარტოული კრაზანისა — მიწის უჯრედები, რომლებიც ერთიმეორესთან შეწებებულია ნერწყვით. ორაგული ქვირითს ფლავს კენჭებიან გრუნტში, სამნემსა მახათა — ბურთისებურ ბუდეში, რომელსაც წყალმცენარეებისაგან იშენებს. ფილომედუზა ქვირითს ყრის მილივით დახვეულ ფოთოლში. კუ და ნიანგი კვერცხებს ფლავენ მიწაში. ხოხბის, როჭოს, ტყის ქათმის ბუდე მარტივი ორმოა, რომელშიც მცირეოდენი საფენია. ჭინჭრაქასა და რემეზის ბუდეები ბურთისებურია. გვრიტი ფიჩხისაგან იკეთებს მარტის ბუდეს, რომელშიც კვერცხები ქვემოდან მოჩანს. ორბის ბუდე რამდენიმე ქვით და ფიჩხის ნამტვრევებითაა შემოფარგლული. რთულ ბუდეს იშენებს სოფლის მერცხალი, რომელიც ტალაცის კოშტებს ნერწყვით ამაგრებს აივნის ჭერსა და სხვა მსგავს ადგილებში. სალანგანის ბუდეს, რომელიც ჰაერზე გამკვრივებული ნერწყვისაგან შედგება, სამხრეთ აზიის მცხოვრებნი საკვებად იყენებენ. ჰამაკის მსგავს ბუდეს იკეთებს მოლაღური. ფიჩხის ნამტვრევებისა და ჩალაბულისაგანაა აშენებული შაშვის ბუდე, რომელიც შიგნიდან ტალახითაა გალესილი. ციყვის ბუდე აშენებულია ბალახბულახის, ბუმბულოვანი საფენისა და სხვა მასალისაგან. თახვიქოხსიშენებს ხის ტოტებისა და შლამისაგან. ცხოველების უმრავლესობა ბუდეს თავისთვის იშენებს. კოლონიური ბუდეები აქვთსაზოგადოებრივმწერებს: ფუტკრებს, კრაზანებს, ჭიანჭსელებს და სხვა. უზარმაზარ (7-8 -მდე სიმაღლის) ბუდეს იშენებენ ტერმიტები. ფრინველებიდან კოლონიებად ბუდობენ ალკები, კაირები, პინგვინები, თოლიები და სხვა. აფრიკის ფეიქარები ერთობლივად აშენებენ დიდ ბუდეს, რომელშიც წყვილ-წყვილად ბინავდებიან.

თევზების საცხოვრებელი გარემო:აკვარიუმი

 ციყვის საცხოვრებელი გარემო:ფუღურო

ჩიტის საცხოვრებელი გარემო:ბუდე

სამუშაოს მასალები ჩიტის სახლისათვის:
ხილის წვენების მუყაოს კოლოფი
მაკრატელი
ფანქარი და იმავე ზომის ხის ჩხირი
ხმელი ბალახი და ხავსი
წებოვანი სკოჩი
ზონარი
სამუშაოს მსვლელობა:
1.აიღეტთ ცარიელი წვენების მუყაოს ყუთი და ერთ გვერდზე გამოჭერით პატარა მრგვალი „ფანჯარა’;
2.“ფანჯრის“ ქვემოთ მოპირდაპირე გვერდებზე ფსკერიდან გადაზომეთ ერთნაირი მანძილი და გახვრიტეთ მაკრატლის წვერით;
3.ნახვრეტში ფანქარი ან ფანქრის სისქის ხის ჩხირი გაუკეთეთ.ჩხირი ქანდარა იქნება, მასზე ჩიტი შემოჯდება ხოლმე;
4.ყუთის ფსკერზე დაყარეთ ხმელი ბალახი ან ხავსი;
5.ყუთს წებოვანი  სკოჩით გადაუწებეთ გახსნილი თავი ისე,რომ „სახურავში“წვიმა არ ჩავიდეს;
6.მაკრატლის წვერით ყუთის სახურავთან გვერდები გაჩხვლიტეთ ორ ადგილას და გაუყარეთ ზონარი ხეზე ჩამოსაკიდებლად.
სამუშაოს მასალები ჩიტის ბუდისათვის:
მასალა:
პატარა მუყაოს ყუთი
გრძელი მშრალი ბალახი
ნოტიო მიწა ტალახისათვის
ბოთლით წყალი
წვრილი გამხმარი ტოტები
რბილი ბუმბული
ჩალა
სამუშაოს მსვლელობა:
1.ტოტები და ჩალა აურიეთ ერთმანეთში და ჩააფინეთ მუყაოს ყუთში;
2.იმავე მასალისაგან გვერდები ისე „ამოუშენეთ“, რომ ჯამის ფორმა მიიღოთ;
3.ტალახით შელესეთ ბუდის ძირი და კედლები;
4.ლესვის დროს გვერდებს შიგნიდან რკალისებურად შემოავლეთ გრძელი ბალახი;
5.ტალახში ალაგ–ალაგ ჩააფინეთ ბუმბული.

აბა , ვნახოთ ვის გამოუვიდა
საუკეთესო ბუდე












 

Wednesday, December 8, 2010

ნიადაგი

გაკვეთილის სათაური:
როგორ ატარებს წყალს ნიადაგი?
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეებმა დაადგინონ, რომ ნიადაგში არის ქვიშა და თიხა.
საჭირო მასალა: გამჭვირვალე ქილა წყლით და ნიადაგით,პლასტიკატის ორ-ორი ჭიქა,თეფშები და წყლიანი ჭიქები ,დაფა, ცარცი,თაბახის ფურცლები,საწერ-კალამი და ჩხირები.
გაკვეთილის მსვლელობა

1.ნიადაგის შედგენილობაზე დაკვირვება
კლასი დავყავი ორ ჯგუფად.თითოეული ჯგუფი მორიგეობით ათვალიერებს წყლიან  ქილას, სადაც  ნიადაგია გახსნილი. ისინი აღმოაჩენენ, რომ ნიადაგში ყოფილა კენჭები,ქვიშა,ორგანიზმების ნარჩენები და სხვა ნივთიერებები, მათ შორის თიხაც.

2.ცდის ჩატარება თიხიან და ქვიშიან ნიადაგზე
მოსწავლეები ატარებენ ცდას იმის დასადგენად, თუ როგორ ატარებს წყალს ქვიშიანი და თიხიანი ნიადაგი.ამისათვის  ავიღე პლასტიკატის ჭიქები , ძირი გავუხვრიტე  და დავურიგე ჯგუფებს-2 ცალი ერთ ჯგუფზე.დავურიგე, აგრეთვე ,თეფშები ჭიქებისათვის,თიხიანი და ქვიშიანი ნიადაგის ნიმუშები და წყლიანი ჭიქები.
ცდის ჩასატარებლად მოსწავლეებს მივეცი შემდეგი ინსტრუქციები:
ა)სანახევროდ გაავსეთ ჭიქები ნიადაგით (ერთ ჭიქაში ჩაყარეთ თიხიანი ნიადაგის ნიმუში,მეორეში-ქვიშიანი ნიადაგის ნიმუში);
ბ)ოდნავ ჩატკეპნეთ ნიადაგი ორივე ჭიქაში და დადგით თეფშებზე;
გ)ჩაასხით ცოტაოდენი წყალი ორივე ჭიქაში(თანაბარი რაოდენობით);
დ)დააკვირდით თეფშებს და უპასუხეთ კითხვებს:
-თუ დასველდა რომელიმე თეფში?
-საიდან გაჩნდა წყალი თეფშზე?
-თიხიანმა ნიადაგმა მეტი წყალი გაატარა თუ ქვიშიანმა?



 

ცდების შემდეგ ჯგუფებმა გააკეთეს მოკლე პრეზენტაციები და გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები.
3.თიხინი და ქვიშიანი ნიადაგების შედარება.
მოსწავლეებმა ჩხირებით გასინჯეს ორივე ნიადაგის ნიმუშები , შეადარეს ერთმანეთს და აღმოაჩინეს,რომ ქვიშიანი ნიადაგისაგან განსხვავებით თიხიანი ნიადაგი დასველების შემდეგ ბლანტი და წებოვანი ხდება.სწარედ ამის გამო არ ატარებს იგი წყალს.

Thursday, November 25, 2010

ნიადაგი

გაკვეთილის სათაური:გამოვიკვლიოთ ნიადაგი
გაკვეთილის მიზანი :მოსწავლეებმა ცდებისა და დაკვირვების საშუალებით გამოიკვლიონ ნიადაგის შედგენილობა.
საჭირო მასალა:სხვადასხვა ნიადაგის ნიმუშები(თიხიანი ნიადაგი,ქვიშიანი ნიადაგი), წყალი და ჭიქები ჯგუფების რაოდენობის მიხედვით, პატარა ფაიფურის ჯამი,სპირტქურა, ასანთი ,თაბახის ფურცლები,საწერ–კალამი, მინის ფინჯანი, მინის გამჭვირვალე მაღალი ქილა. გაკვეთილის მსვლელობა: ამ გაკვეთილისთვის მომზადებული გვაქვს მშრალი ნიადაგის ნიმუშები,როგორც თიხიანი, ისე ქვიშიანი.
1. შეასავალი საუბარი
ნიადაგის სხვადასხვა ნიმუში  მოვათავსე ერთმანეთის გვარდით ისეთნაირად, რომ მოსწავლეებს ჰქონდეთ მათზე დაკვირვების საშუალება.
დავსვი კითხვები:
–თქვენი აზრით, ამ ნიადაგის ნიმუში ერთ ადგილას არის აღებული თუ სხვადასხვა ადგილას? რატომ ფიქრობთ ასე?
– რა განსხვავებაა მათ შორის?
–რა მსგავსებაა მათ შორის?
– როგორ ფიქრობთ, თუ არის ამ ნიადაგში ჰაერი?წყალი? ნეშომპალა?
საუბრის შემდეგ მოსწავლეებს ვუთხარი, რომ ამ გაკვეთილზე ნიადაგის გამოსაკვლევად ცდებს ჩავატარებთ.ზოგ ცდას მასწავლებელი ჩაატერებს, ზოგსაც–მოსწავლეები.
2.მუშაობა ჯგუფებში–ცდებზე დაკვირვება
კლასი დავყავი ორ ჯგუფად და დავურიგე თაბახის ფურცლები ჩანაწერებისათვის.ავუხსენი,რომ თითოეული ცდის შემდეგ ჯგუფმა უნდა დაწეროს მოკლედ : ცდის აღწერა,შედეგი და საკუთარი დასკვნა.
ცდა1.დავურიგე ჯგუფებს წყლით ნახევრად გავსებული ჭიქები და ცოტაოდენი ნიადაგის ნიმუში.ვთხოვე , ნიადაგი ჩაეყარათ  წყალში და დაკვირვებოდნენ.
მოსწავლეებმა შენიშნეს, რომ წყლის ზედაპირზე ჰაერის ბუშტუკები დაიწყებს ამოსვლას,მაშასადამე , ნიადაგში ჰაერია.იგივე ცდა ჩავატარეთ ქვიშიან ნიადაგის გამოსაკვლევად.
ჯგუფებმა თაბახის ფურცლებზე მოკლედ აღწერეს  ცდა;დააფიქსირეს , რა დაინახეს– ცდის შედეგი და გამოიტანეს დასკვნა.  ცდა2.ეს ცდა ჩაატარა მასწავლებელმა.ავიღე მშრალი ნიადაგის ნიმუში, დავყარე პატარა ფაიფურის ჯამზე და დავდგი სპირტქურაზე.ჯამს თავზე დავახურე მინის ფინჯანი.მინაზე ცოტა ხანში წყლის წვეთები გაჩნდა.ავიღე მინის ფინჯანი და ვაჩვენე მოსწავლეებს და სანამ დავუსვავდი შეკითხვებს იგივე ცდა ჩავატარეთ ქვიშიან ნიადაგის გამოსაკვლევად.
შეკითხვები:
–რატომ დასველდა მინა პიველ შემთხვევაში?
მოსწავლეებს გამოაქვთ დასკვნა, რომ ნიადაგი წყალს შეიცავს, გახურებით ეს წყალი აორთქლდა და მინა დაასველა.ხოლო ქვიშიანი ნიადაგი არ შეიცავს წყალს, რადგან მისი გახურებით არ გამოიყო წყლის ორთქლი.ჯგუფებმა თაბახის ფურცლებზე  აღწერეს ცდა და გამოიტანეს დასკვნა.
 ცდა 3.გავაგრძელეთ ნიადაგის გახურება ჯამზე.მოსწავლეები შენიშნავენ კვამლს, იგრძნობენ უსიამოვნო სუნს.კითხვები:
– რა მოხდა?
–რა დაიწვა და რამ გამოყო ასეთი სუნი?
სანამ ამ კითხვებზე პასუხს გასცემენ, მანამდე უნდა დააკვირდნენ  და შეადარონ ქვიშის გახურების შემთხვევაში მიღებულ შედეგს.ფაიფურის ჯამში ჩავყარეთ
ცოტაოდენი ქვიშა და ისევ გავახურეთ.მოსწავლეები დაინახავენ , რომ ამჯერად არც კვამლი გაჩნდება და არც უსიამოვნო სუნი.მოსწავლეებს გამოაქვთ დასკვნა, რომ თიხიან ნიადაგში ქვიშისგან განსხვავებით ორგანიზმების ნარჩენებია;მათმა დაწვამ გააჩინა კვამლი და სუნი.ე.ი.ნიადაგში ნეშომპალა ყოფილა.
ორივე ჯგუფი თაბახის ფურცლებზე  აღწერს ცდას, ცდის შედეგს და აკეთებს დასკვნას.
3.პრეზენტაცია.
პრეზენტატორებმა მორიგეობით წაიკითხეს ჯგუფის ნამუშევარი,წარმოადგინეს ცდების ჩანახატები და სქემები.ჩავატარეთ მცირე დისკუსია საკამათო საკითხებზე.

Saturday, October 30, 2010

"დედამიწა ნარჩენებში იძირება"

გაკვეთილის სათაური: ნარჩენები ჩვენს გარშემო
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეებმა დაასუფთაონ ტერიტორია და შეძლონ ნარჩენების დახარისხება(ბუნებრივი და ხელოვნური).დაადგინონ, როგორ იშლება მიწაში ჩაფლული ნარჩენები ხანგრძლივი დროის განმავლობაში.გააცნობიერონ, რომ გარემოს დანაგვიანება გლობალური პრობლემაა და შექმნან პლაკატი თავიანთი პოზიციის გამოსახატავად.
საჭირო მასალა: ჰიგიენური ხელთათმანები, პარკები ნარჩენებისათვის, ნიჩბები,ფოტოაპარატი,ფურცლები, საწერ-კალამი.
გაკვეთილის მსვლელობა:
1.სკოლის ტერიტორიის დასუფთავება
კლასი იყოფა ორ ჯგუფად, ურიგდებათ ჰიგიენური ხელთათმანები და პარკები. მოსწავლეებს ვთავაზობთ თამაშს "ნადირობა ნაგავზე".

(იმის გამო, რომ ჩვენი სკოლის ტერიტორია ძალიან სუფთაა,მასწავლებელმა წინასწარ შეაგროვა სხვადასხვა სახის ნარჩენები და მიმოფანტა სკოლის განსაზღვრულ ტერიტორიაზე ).



მოსწავლეებს ეძლევათ დავალება : დაიარონ მასწავლებლის მიერ შერჩეული სკოლის ტერიტორია,შეაგროვონ დაყრილი ნარჩენები და ჩაყარონ პარკებში.
მასწავლებლის მეთვალყურეობით მოსწავლეები ასრულებენ მიცემულ დავალებას და იკრიბებიან ეზოში ერთ დათქმულ ადგილას.
2.ნარჩენების დახარისხება
თავი მოვუყარეთ ყველა მოსწავლეს და ვთხოვეთ ჯგუფებს,წარმოადგინონ,ვინ რა ნარჩენები შეაგროვა (ამოიღონ პარკიდან და დაასახელონ).ჯგუფის ერთ-ერთი წარმომადგენელი პარკიდან ამოღებულ ნარჩენებს თან ასახელებს და თან ამბობს-ბუნებრივია ესა თუ ის საგანი, თუ ხელოვნური-ადამიანის მიერ ხელით ნაკეთები.ამ ნარჩენებს ასევე განცალკევებულად ვალაგებთ მონიშნულ ადგილას(ანუ ცალკე აწყობენ ბუნებრივ ნარჩენებს, ცალკე-ხელოვნურს).ორივე ჯგუფის პრეზენტაციის შემდეგ შეიქმნება ნარჩენების ორი გროვა.
ბუნებრივი ნარჩენები
ნარჩენები
ხელოვნური ნარჩენები



მასწავებელი მოსწავლეებს უსვამს შეკითხვებს:
-რატომ დაგირიგეთ ჰიგიენური ხელთათმანები?
-რომელი სახის ნარჩენები ჭარბობს?
-სად წავიღოთ ეს ნაგავი?
მოსწავლეების პასუხი:
ნაგავი ნაგვის კონტეინერში უნდა გადავყაროთ.
მასწავლებელი: უნდა ავღნიშნოთ, რომ ქალაქებში ასობით და ათასობით ნაგვის კონტეინერია, რომლებიც ყოველდღე ივსება.ქალაქის ყველა ნაგავს ერთად რომ მოვუყაროთ თავი, უზარმაზარი მთა წარმოიქმნება.
ორმოში ნარჩენების ჩაყრა
ორმოების ამოთხრა
შეკითხვა: სად "დააბინავონ"ადამიანებმა ამდენი ნარჩენი?
მოსწავლეები ფიქრობენ ამ კითხვაზე და გამოთქვავენ თავიანთ მოსაზრებებს.სხვა მოსაზრებებთან ერთად, ითქმევა ის, რომ ნარჩენები მიწაში უნდა ჩაიმარხოს.სწორედ ამ პასუხის შემდეგ მომდევნო აქტივობაზე გადავდივართ.
3.ნარჩენების მიწაში ჩამარხვა.
თითოეულმა ჯგუფმა ერთი ორმო უნდა ამოთხაროს და ნარჩენები ჩამარხოს.ნარჩენების ჩამარხვის შემდეგ მიწა კარგად დატკეპნონ და ორმოს თავზე შესაბამისი სანიშნე წარწერით ჩაარჭონ. ეს იმისათვის გვჭირდება, რომ მოსწავლეებმა სხვა დროს მიაგნონ და ამოიცნონ იქ რა მარხია.წარწერაზე ასევე აღნიშნულია თარიღიც: 28.10.10
ამის შემდეგ თითოეული მოსწავლე ფურცელზე ჩამოწერს:
-რა საგნები ჩამარხეს;
- მათი აზრით, როგორ სახეს მიიღებს ეს საგნები მიწაში 7 თვის შემდეგ.
სასწავლო წლის ბოლოს, ვთქვათ, ივნისში,ერთ-ერთ სათადარიგო გაკვეთილს იმისათვის გამოვიყენებთ, რომ მოსწავლეებთან ერთად დაფლული საგნები მიწიდან ამოვთხაროთ.მასწავლებელი დაურიგებს მოსწავლეებს თავისი ჩანაწერების ფურცლებს ,რომლის მეშვეობით ისინი გაიხსენებენ რომელი ნარჩენები ჩამარხეს და როგორი იყო მათი ვარაუდები.მოსწავლეები აღმოაჩენენ, რომ ბევრი ორგანული ნარჩენი(მაგ:კარტოფილი,ვაშლი,ფოთოლი) მიწაში კარგად იშლება(მეცნიერული ტერმინით რომ ვთქვათ, ორგანულ სასუქად-კომპოსტად იქცევა).ისეთი მასალები კი, როგორიცაა რკინა, ქაღალდი...შედარებით ნელა,მაგრამ მაინც განიცდის დაშლას, ხოლო ცელოფნის პარკები და პლასტიკატისგან დამზადებული საგნები თითქმის უცვლელი დარჩება.
დასასრულ,მოკლედ შევაჯემეთ ამ გაკვეთილისა და ამ თემის აქტივობები:
შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ,რამდენი ნაგავი გროვდება წელიწადში დედამიწაზე-სადაც 6 მილიარდზე მეტი ადამიანი ცხოვრობს?
ხომ არ ემუქრება დედამიწას "ნარჩენებში ჩაძირვა"?გავაცნობიერეთ, რომ გარემოს დანაგვიანება გლობალური პრობლემაა .
იმისათვის, რომ ამ პრობლემამ ყველა ადამიანი ჩააფიქროს,მოსწავლეებს შევთავაზე შემდეგი გაკვეთილი დავუთმოთ პლაკატის გაკეთებას, სადაც ისინი ნახატის სახით გამოხატავენ თავის პოზიციას ,მოიფიქრებენ პლაკატზე წარწერას(დევიზი, სლოგანი) , რომელიც ადამიანებს გარემოს დანაგვიანებასთან საბრძოლველად მოუწოდებს.

Monday, October 25, 2010

დედამიწა ავად გახდა...

მე პატარა ჩიტი ჩიორა ვარ.თქვენი არ იყოს მეც ბებერ და კეთილ დედამიწაზე ვცხოვრობ.ძალიან მიყვარს სასუსნავი,ოცნება და წერილების წერა.უფროსი ჩიტები მეუბნებიან, უცნაური ვინმე ხარო,ალბათ იმიტომ, რომ განცხვავებული გარეგნობის ვარ და ცნობისმოყვარე გრძელი ცხვირით ყველგან ვეჩრები...აბა, რა ჩემი ბრალია, ქვეყანაზე ხომ ათასი საინტერესო რამ ხდება...



ერთხელ ფრენით დაღლილი მთის წვერზე დავეშვი . ის იყო, ვიძინებდი , რომ სლუკუნი ჩამესმა:ეს ჩვენი კეთილი დედამიწა ტიროდა!რა მომათმენინებდა , ჩემი გრძელი ცხვირი აქაც ჩავყავი და აი,რა შევიტყვე:ზოგიერთი უგულო ადამიანის დაუდევრობით საბრალო დედამიწას მტრები მოუმრავდა-მუზმუზელა მავნე აირები.ისინი ქარხნებში, ნაგავსაყრელებზე და საკანალიზაციო მილებში ჩაბუდებულან.ამას გაჩეხილი ტყეებიც დაემატა და, რა გასაკვირია, რომ დედამიწა ავად გახდა!ამიტომაც ტირის საწყალი!

მეცნიერები ამბობენ:მუზმუზელა აირები გლობალურ დათბობას იწვევენო...კლიმატი შეიცვალაო...მე კი ის ვიცი, რომ დედამიწას ხან აციებს , ხან აცხელებს, ახველებს კიდეც და ოხერი სურდოც ვერ მოიშორა!მოკლედ , წყლები ადიდდა, მიწა დაიძრა,ზვავი ჩამოწვა და არის ერთი აურზაური!
წუხს დედამიწა:თუ ასე გაგრძელდა, მალე წყალი არ დაილევა, გვალვას, ღვარცოფს თუ დაჭაობებას ვეღარავინ გადავურჩებითო!...მერე რაღა გვეშველება?!დავრჩებით უსახლკაროდ. ადამიანები კი არა, საბრალო ჩიტებიც კი ბუდის გასაკეთებლად ხესაც ვეღარ იპოვიან!


უნდა გავერთიანდეთ და რამე ვიღონოთ!


დედამიწა ხომ ჩვენი საერთო სახლია!
აი მე დავფრინავ და ამ ამბავს ყველას ვატყობინებ.შენც იზრუნე ჩვენ საერთო სახლზე ! რასაც მოიფიქრებ, მომწერე და დამიხატე. მე კი შევკრებ, წიგნად ვაქცევ და ყველას დავათვალიერებინებ.



ერთად გავაჯანსაღოთ ჩვენი პლანეტა!!!

გინდა შენც ჩემნაირი ჩიტი ჩიორა გყავდეს?მაშინ დააწკაპუნე ამ გზავნილს.
სანამ გადავწყვიტავდით თუ ,როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ დედამიწას, მანამდე მიმოვიხედოთ ირგვლივ და დავაკვირდეთ რას ნიშნავს დანაგვიანებული გარემო?როგორ ხდება გარემოს დანაგვიანება?რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ბუნების დანაგვიანებას?
დააკვირდი ბუნების ამ სურათს.რით არის ის ლამაზი და მიმზიდველი?
სუფთა ბუნება მშვენიერი სანახავია,თუმცა ადამიანი ხშირად ანაგვიანებს მას.
რით
შეიძლება დაანაგვიანოს ადამიანმა ბუნება?




დააკვირდი სურათებს რა გრძნობა გეუფლება?
ადამიანი ყრის იმას , რაც აღარ სჭირდება. ესაა ბოთლები, ქილები, პარკები,კოლოფები,სიგარეტის ნამწვები,ქაღალდები, საჭმლის ნარჩენები და მრავალი სხვა რამ.დანაგვიანებული ადგილი არასასიამოვნო სანახავია და ამავე დროს ჯანმრთელობისთვის მავნებელია.ნაგავი ლპება და ცუდ სუნს აყენებს.ნაგავს ეტანებიან ვირთაგვები და ბუზები.ისინი სწრაფად მრავლდებიან და სხვადასხვა საშიშ დაავადებას ავრცელებენ.


ცოცხალი არსებებისათვის განსაკუთრებით სახიფათოა დაბინძურებული წყალი.
რა მნიშვნელობა აქვს ადამიანისთვის ტყეს?
არის თუ არა რამე კავშირი მათ შორის?
იმართება მსჯელობა და მივდივართ საბოლოო დასკვნამდე,რომ სუფთა გარემო ჩვენი ფილტვებია.
რევაზ ინანიშვილის მოთხრობა “ მუხა“.


პაუზებს შორის იმართება მსჯელობა, დისკუსიები.ვთხოვ მოსწავლეებს, ყურადღებით მოუსმინონ ტექსტის წაკითხულ ნაწილებს, რათა ჯგუფებში შეძლონ მსსსჯელობა, საკუთარი აზრის გამოთქმა.



ეს მუხა ტყის პირას დგას, - ბებერი, ჯმუხი, ტანდაკოჟრილი, ფოთლებშეთხელებული. აღარც ჩრდილს იფენს, აღარც რკოს ისხამს. იშვიათად თუ ეწვევა ვინმე, - ადამიანი, ცხოველი თუ ფრინველი. საუკუნეებით დაღილს, გაწამებულს ხანდახან ქორი თუ მოებმება ხმელ კენწეროზე, ისიც უძრავი, მრისხანედ მიშტერებული ველისკენ: ხანდახან კოდალა თუ მოინახულებს; სწრაფად, უგულოდ შემოუფრენს ირგვლივ, თითქოს ვალდებულების მოსახდელად ორიოდეჯერ დაჰკრავს ნისკარტს, - კივკივო! - ანუგეშებს და გაფრინდება სხვა ხეებისკენ. ციყვებმაც კი მიატოვეს და წავიდნენ...
(პირველი პაუზა.)
--- რა გრძნობა დაგეეუფლად ტექსტის ამ ნაწილის მოსმენისას?
--- რას ფიქრობთ რა მოხდება?
-- რატომ ფიქრობთ ასე? ( ვაგრძელებ კითხვას)
ამ რამდენიმე წლის წინათ მუხის მეზობლად, ლამაზი თელის ძირში, მონადირეებმა შეისვენეს. დაანთეს ცეცხლი, გაშალეს სუფრა, დაიწყეს პურობა და სმა. ცოტა რომ შეზარხოშდნენ, აყაყანდნენ: არა მე გჯობივართ სროლაში, არა მეო. ერთი მონადირე წამოდგა და თქვა: - აი, ბურთი და აი, მოედანი! - მუხის დიდ კოჟრზე ასანთის კოლოფი დასვა, - ვესროლოთო. ზოგი ფეხმორთხმული ისროდა, ზოგი - წაწოლილი. სიცილით გაშვებული ტყვიები წივილით ესობოდნენ მუხას, სიმწრის ნაფლეთები გულხეთქებით ცვიოდა აქეთ-იქით.
( მეორე პაუზა)
-- რა მოხდა მოთხრობაში?
-- როგორ გგონიათ , ამჩნევდნენ მონადირეები რა ზიანს
აყენებდნენ მუხას?
--რას ეტყოდა მუხა ადამიანებს, ლაპარაკი რომ შეძლებოდა?
მონადირეები რომ წავიდნენ, ქარი ამოვარდა, მუხის სველი ჭრილობა მიწით ამოივსო. გამოხდა ხანი, - თვეები, წლები. და, აი, წლეულს, გაზაფხულზე, ის მონადირე, ასანთის კოლოფი რომ დასვა მუხაზე, უკვე ჭარმაგი, პატარა შვილიშვილთან ხელჩაკიდებული, ისევ მოხვდა ამ ადგილებში.
( მესამე პაუზა)
---- როგორ გგონიათ, შემთხვევითია ეს დეტალი-- ბავშვის გამოჩენა, თუ მას გარკვეული დატვირთვა შეიძლება ჰქონდეს?
მუხის ნაჭრილობევში მთელი ბღუჯა ია ამოსულიყო და ჟრიამულით ყვაოდა.
მონადირის შვილიშვილმა, ლამაზმა, ყურებსიფრიფაა გოგონამ, აღტაცებულმა ჩაიმუხლა, მუხას ხელები მოხვია და მიეხუტა.
მონადირემ უყურა, უყურა, მერე ქუდი მოიხადა და თავდახრილი გაჩერდა.
---- რა გამოხატა პაპამ თავისი საქციელით?
--- ჩანს თუ არა მოთხრობაში იმედი?
---- როგორ გგონიათ რისი თქმა უნდა მწერალს ამ მოთხრობით?
გაიმართება დისკუსია , გამოთქვამენ მოსაზრებებს , ხდება
მსჯელობა , თვითშეფასება და სხვათა შეფასება.
ამით უყალიბდებათ ბუნებისადმი საკუთარი მზრუნველობის ჩამოყალიბება, გარემოს გაფრთხილების
აუცილებლობა.
გაკვეთილის შეჯამებისას ყურადღება მახვილდება იმაზე,
რომ გარემოს დანაგვიანება ყველა ჩვენთაგანს უქმნის საფრთხეს დედამიწაზე। არ უნდა გავჩეხოთ ტყე! არ უნდა დავანაგვიანოთ გარემო!ქაღალდის ერთი ნაფლეთც რომ დააგდო ძირს, იცოდე-გარემოს დააგვიანებ!