იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელი

Saturday, October 30, 2010

"დედამიწა ნარჩენებში იძირება"

გაკვეთილის სათაური: ნარჩენები ჩვენს გარშემო
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეებმა დაასუფთაონ ტერიტორია და შეძლონ ნარჩენების დახარისხება(ბუნებრივი და ხელოვნური).დაადგინონ, როგორ იშლება მიწაში ჩაფლული ნარჩენები ხანგრძლივი დროის განმავლობაში.გააცნობიერონ, რომ გარემოს დანაგვიანება გლობალური პრობლემაა და შექმნან პლაკატი თავიანთი პოზიციის გამოსახატავად.
საჭირო მასალა: ჰიგიენური ხელთათმანები, პარკები ნარჩენებისათვის, ნიჩბები,ფოტოაპარატი,ფურცლები, საწერ-კალამი.
გაკვეთილის მსვლელობა:
1.სკოლის ტერიტორიის დასუფთავება
კლასი იყოფა ორ ჯგუფად, ურიგდებათ ჰიგიენური ხელთათმანები და პარკები. მოსწავლეებს ვთავაზობთ თამაშს "ნადირობა ნაგავზე".

(იმის გამო, რომ ჩვენი სკოლის ტერიტორია ძალიან სუფთაა,მასწავლებელმა წინასწარ შეაგროვა სხვადასხვა სახის ნარჩენები და მიმოფანტა სკოლის განსაზღვრულ ტერიტორიაზე ).



მოსწავლეებს ეძლევათ დავალება : დაიარონ მასწავლებლის მიერ შერჩეული სკოლის ტერიტორია,შეაგროვონ დაყრილი ნარჩენები და ჩაყარონ პარკებში.
მასწავლებლის მეთვალყურეობით მოსწავლეები ასრულებენ მიცემულ დავალებას და იკრიბებიან ეზოში ერთ დათქმულ ადგილას.
2.ნარჩენების დახარისხება
თავი მოვუყარეთ ყველა მოსწავლეს და ვთხოვეთ ჯგუფებს,წარმოადგინონ,ვინ რა ნარჩენები შეაგროვა (ამოიღონ პარკიდან და დაასახელონ).ჯგუფის ერთ-ერთი წარმომადგენელი პარკიდან ამოღებულ ნარჩენებს თან ასახელებს და თან ამბობს-ბუნებრივია ესა თუ ის საგანი, თუ ხელოვნური-ადამიანის მიერ ხელით ნაკეთები.ამ ნარჩენებს ასევე განცალკევებულად ვალაგებთ მონიშნულ ადგილას(ანუ ცალკე აწყობენ ბუნებრივ ნარჩენებს, ცალკე-ხელოვნურს).ორივე ჯგუფის პრეზენტაციის შემდეგ შეიქმნება ნარჩენების ორი გროვა.
ბუნებრივი ნარჩენები
ნარჩენები
ხელოვნური ნარჩენები



მასწავებელი მოსწავლეებს უსვამს შეკითხვებს:
-რატომ დაგირიგეთ ჰიგიენური ხელთათმანები?
-რომელი სახის ნარჩენები ჭარბობს?
-სად წავიღოთ ეს ნაგავი?
მოსწავლეების პასუხი:
ნაგავი ნაგვის კონტეინერში უნდა გადავყაროთ.
მასწავლებელი: უნდა ავღნიშნოთ, რომ ქალაქებში ასობით და ათასობით ნაგვის კონტეინერია, რომლებიც ყოველდღე ივსება.ქალაქის ყველა ნაგავს ერთად რომ მოვუყაროთ თავი, უზარმაზარი მთა წარმოიქმნება.
ორმოში ნარჩენების ჩაყრა
ორმოების ამოთხრა
შეკითხვა: სად "დააბინავონ"ადამიანებმა ამდენი ნარჩენი?
მოსწავლეები ფიქრობენ ამ კითხვაზე და გამოთქვავენ თავიანთ მოსაზრებებს.სხვა მოსაზრებებთან ერთად, ითქმევა ის, რომ ნარჩენები მიწაში უნდა ჩაიმარხოს.სწორედ ამ პასუხის შემდეგ მომდევნო აქტივობაზე გადავდივართ.
3.ნარჩენების მიწაში ჩამარხვა.
თითოეულმა ჯგუფმა ერთი ორმო უნდა ამოთხაროს და ნარჩენები ჩამარხოს.ნარჩენების ჩამარხვის შემდეგ მიწა კარგად დატკეპნონ და ორმოს თავზე შესაბამისი სანიშნე წარწერით ჩაარჭონ. ეს იმისათვის გვჭირდება, რომ მოსწავლეებმა სხვა დროს მიაგნონ და ამოიცნონ იქ რა მარხია.წარწერაზე ასევე აღნიშნულია თარიღიც: 28.10.10
ამის შემდეგ თითოეული მოსწავლე ფურცელზე ჩამოწერს:
-რა საგნები ჩამარხეს;
- მათი აზრით, როგორ სახეს მიიღებს ეს საგნები მიწაში 7 თვის შემდეგ.
სასწავლო წლის ბოლოს, ვთქვათ, ივნისში,ერთ-ერთ სათადარიგო გაკვეთილს იმისათვის გამოვიყენებთ, რომ მოსწავლეებთან ერთად დაფლული საგნები მიწიდან ამოვთხაროთ.მასწავლებელი დაურიგებს მოსწავლეებს თავისი ჩანაწერების ფურცლებს ,რომლის მეშვეობით ისინი გაიხსენებენ რომელი ნარჩენები ჩამარხეს და როგორი იყო მათი ვარაუდები.მოსწავლეები აღმოაჩენენ, რომ ბევრი ორგანული ნარჩენი(მაგ:კარტოფილი,ვაშლი,ფოთოლი) მიწაში კარგად იშლება(მეცნიერული ტერმინით რომ ვთქვათ, ორგანულ სასუქად-კომპოსტად იქცევა).ისეთი მასალები კი, როგორიცაა რკინა, ქაღალდი...შედარებით ნელა,მაგრამ მაინც განიცდის დაშლას, ხოლო ცელოფნის პარკები და პლასტიკატისგან დამზადებული საგნები თითქმის უცვლელი დარჩება.
დასასრულ,მოკლედ შევაჯემეთ ამ გაკვეთილისა და ამ თემის აქტივობები:
შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ,რამდენი ნაგავი გროვდება წელიწადში დედამიწაზე-სადაც 6 მილიარდზე მეტი ადამიანი ცხოვრობს?
ხომ არ ემუქრება დედამიწას "ნარჩენებში ჩაძირვა"?გავაცნობიერეთ, რომ გარემოს დანაგვიანება გლობალური პრობლემაა .
იმისათვის, რომ ამ პრობლემამ ყველა ადამიანი ჩააფიქროს,მოსწავლეებს შევთავაზე შემდეგი გაკვეთილი დავუთმოთ პლაკატის გაკეთებას, სადაც ისინი ნახატის სახით გამოხატავენ თავის პოზიციას ,მოიფიქრებენ პლაკატზე წარწერას(დევიზი, სლოგანი) , რომელიც ადამიანებს გარემოს დანაგვიანებასთან საბრძოლველად მოუწოდებს.

Monday, October 25, 2010

დედამიწა ავად გახდა...

მე პატარა ჩიტი ჩიორა ვარ.თქვენი არ იყოს მეც ბებერ და კეთილ დედამიწაზე ვცხოვრობ.ძალიან მიყვარს სასუსნავი,ოცნება და წერილების წერა.უფროსი ჩიტები მეუბნებიან, უცნაური ვინმე ხარო,ალბათ იმიტომ, რომ განცხვავებული გარეგნობის ვარ და ცნობისმოყვარე გრძელი ცხვირით ყველგან ვეჩრები...აბა, რა ჩემი ბრალია, ქვეყანაზე ხომ ათასი საინტერესო რამ ხდება...



ერთხელ ფრენით დაღლილი მთის წვერზე დავეშვი . ის იყო, ვიძინებდი , რომ სლუკუნი ჩამესმა:ეს ჩვენი კეთილი დედამიწა ტიროდა!რა მომათმენინებდა , ჩემი გრძელი ცხვირი აქაც ჩავყავი და აი,რა შევიტყვე:ზოგიერთი უგულო ადამიანის დაუდევრობით საბრალო დედამიწას მტრები მოუმრავდა-მუზმუზელა მავნე აირები.ისინი ქარხნებში, ნაგავსაყრელებზე და საკანალიზაციო მილებში ჩაბუდებულან.ამას გაჩეხილი ტყეებიც დაემატა და, რა გასაკვირია, რომ დედამიწა ავად გახდა!ამიტომაც ტირის საწყალი!

მეცნიერები ამბობენ:მუზმუზელა აირები გლობალურ დათბობას იწვევენო...კლიმატი შეიცვალაო...მე კი ის ვიცი, რომ დედამიწას ხან აციებს , ხან აცხელებს, ახველებს კიდეც და ოხერი სურდოც ვერ მოიშორა!მოკლედ , წყლები ადიდდა, მიწა დაიძრა,ზვავი ჩამოწვა და არის ერთი აურზაური!
წუხს დედამიწა:თუ ასე გაგრძელდა, მალე წყალი არ დაილევა, გვალვას, ღვარცოფს თუ დაჭაობებას ვეღარავინ გადავურჩებითო!...მერე რაღა გვეშველება?!დავრჩებით უსახლკაროდ. ადამიანები კი არა, საბრალო ჩიტებიც კი ბუდის გასაკეთებლად ხესაც ვეღარ იპოვიან!


უნდა გავერთიანდეთ და რამე ვიღონოთ!


დედამიწა ხომ ჩვენი საერთო სახლია!
აი მე დავფრინავ და ამ ამბავს ყველას ვატყობინებ.შენც იზრუნე ჩვენ საერთო სახლზე ! რასაც მოიფიქრებ, მომწერე და დამიხატე. მე კი შევკრებ, წიგნად ვაქცევ და ყველას დავათვალიერებინებ.



ერთად გავაჯანსაღოთ ჩვენი პლანეტა!!!

გინდა შენც ჩემნაირი ჩიტი ჩიორა გყავდეს?მაშინ დააწკაპუნე ამ გზავნილს.
სანამ გადავწყვიტავდით თუ ,როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ დედამიწას, მანამდე მიმოვიხედოთ ირგვლივ და დავაკვირდეთ რას ნიშნავს დანაგვიანებული გარემო?როგორ ხდება გარემოს დანაგვიანება?რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ბუნების დანაგვიანებას?
დააკვირდი ბუნების ამ სურათს.რით არის ის ლამაზი და მიმზიდველი?
სუფთა ბუნება მშვენიერი სანახავია,თუმცა ადამიანი ხშირად ანაგვიანებს მას.
რით
შეიძლება დაანაგვიანოს ადამიანმა ბუნება?




დააკვირდი სურათებს რა გრძნობა გეუფლება?
ადამიანი ყრის იმას , რაც აღარ სჭირდება. ესაა ბოთლები, ქილები, პარკები,კოლოფები,სიგარეტის ნამწვები,ქაღალდები, საჭმლის ნარჩენები და მრავალი სხვა რამ.დანაგვიანებული ადგილი არასასიამოვნო სანახავია და ამავე დროს ჯანმრთელობისთვის მავნებელია.ნაგავი ლპება და ცუდ სუნს აყენებს.ნაგავს ეტანებიან ვირთაგვები და ბუზები.ისინი სწრაფად მრავლდებიან და სხვადასხვა საშიშ დაავადებას ავრცელებენ.


ცოცხალი არსებებისათვის განსაკუთრებით სახიფათოა დაბინძურებული წყალი.
რა მნიშვნელობა აქვს ადამიანისთვის ტყეს?
არის თუ არა რამე კავშირი მათ შორის?
იმართება მსჯელობა და მივდივართ საბოლოო დასკვნამდე,რომ სუფთა გარემო ჩვენი ფილტვებია.
რევაზ ინანიშვილის მოთხრობა “ მუხა“.


პაუზებს შორის იმართება მსჯელობა, დისკუსიები.ვთხოვ მოსწავლეებს, ყურადღებით მოუსმინონ ტექსტის წაკითხულ ნაწილებს, რათა ჯგუფებში შეძლონ მსსსჯელობა, საკუთარი აზრის გამოთქმა.



ეს მუხა ტყის პირას დგას, - ბებერი, ჯმუხი, ტანდაკოჟრილი, ფოთლებშეთხელებული. აღარც ჩრდილს იფენს, აღარც რკოს ისხამს. იშვიათად თუ ეწვევა ვინმე, - ადამიანი, ცხოველი თუ ფრინველი. საუკუნეებით დაღილს, გაწამებულს ხანდახან ქორი თუ მოებმება ხმელ კენწეროზე, ისიც უძრავი, მრისხანედ მიშტერებული ველისკენ: ხანდახან კოდალა თუ მოინახულებს; სწრაფად, უგულოდ შემოუფრენს ირგვლივ, თითქოს ვალდებულების მოსახდელად ორიოდეჯერ დაჰკრავს ნისკარტს, - კივკივო! - ანუგეშებს და გაფრინდება სხვა ხეებისკენ. ციყვებმაც კი მიატოვეს და წავიდნენ...
(პირველი პაუზა.)
--- რა გრძნობა დაგეეუფლად ტექსტის ამ ნაწილის მოსმენისას?
--- რას ფიქრობთ რა მოხდება?
-- რატომ ფიქრობთ ასე? ( ვაგრძელებ კითხვას)
ამ რამდენიმე წლის წინათ მუხის მეზობლად, ლამაზი თელის ძირში, მონადირეებმა შეისვენეს. დაანთეს ცეცხლი, გაშალეს სუფრა, დაიწყეს პურობა და სმა. ცოტა რომ შეზარხოშდნენ, აყაყანდნენ: არა მე გჯობივართ სროლაში, არა მეო. ერთი მონადირე წამოდგა და თქვა: - აი, ბურთი და აი, მოედანი! - მუხის დიდ კოჟრზე ასანთის კოლოფი დასვა, - ვესროლოთო. ზოგი ფეხმორთხმული ისროდა, ზოგი - წაწოლილი. სიცილით გაშვებული ტყვიები წივილით ესობოდნენ მუხას, სიმწრის ნაფლეთები გულხეთქებით ცვიოდა აქეთ-იქით.
( მეორე პაუზა)
-- რა მოხდა მოთხრობაში?
-- როგორ გგონიათ , ამჩნევდნენ მონადირეები რა ზიანს
აყენებდნენ მუხას?
--რას ეტყოდა მუხა ადამიანებს, ლაპარაკი რომ შეძლებოდა?
მონადირეები რომ წავიდნენ, ქარი ამოვარდა, მუხის სველი ჭრილობა მიწით ამოივსო. გამოხდა ხანი, - თვეები, წლები. და, აი, წლეულს, გაზაფხულზე, ის მონადირე, ასანთის კოლოფი რომ დასვა მუხაზე, უკვე ჭარმაგი, პატარა შვილიშვილთან ხელჩაკიდებული, ისევ მოხვდა ამ ადგილებში.
( მესამე პაუზა)
---- როგორ გგონიათ, შემთხვევითია ეს დეტალი-- ბავშვის გამოჩენა, თუ მას გარკვეული დატვირთვა შეიძლება ჰქონდეს?
მუხის ნაჭრილობევში მთელი ბღუჯა ია ამოსულიყო და ჟრიამულით ყვაოდა.
მონადირის შვილიშვილმა, ლამაზმა, ყურებსიფრიფაა გოგონამ, აღტაცებულმა ჩაიმუხლა, მუხას ხელები მოხვია და მიეხუტა.
მონადირემ უყურა, უყურა, მერე ქუდი მოიხადა და თავდახრილი გაჩერდა.
---- რა გამოხატა პაპამ თავისი საქციელით?
--- ჩანს თუ არა მოთხრობაში იმედი?
---- როგორ გგონიათ რისი თქმა უნდა მწერალს ამ მოთხრობით?
გაიმართება დისკუსია , გამოთქვამენ მოსაზრებებს , ხდება
მსჯელობა , თვითშეფასება და სხვათა შეფასება.
ამით უყალიბდებათ ბუნებისადმი საკუთარი მზრუნველობის ჩამოყალიბება, გარემოს გაფრთხილების
აუცილებლობა.
გაკვეთილის შეჯამებისას ყურადღება მახვილდება იმაზე,
რომ გარემოს დანაგვიანება ყველა ჩვენთაგანს უქმნის საფრთხეს დედამიწაზე। არ უნდა გავჩეხოთ ტყე! არ უნდა დავანაგვიანოთ გარემო!ქაღალდის ერთი ნაფლეთც რომ დააგდო ძირს, იცოდე-გარემოს დააგვიანებ!



Wednesday, October 13, 2010

ჯგუფური მოშაობა

კითხვის ეფექტური მეთოდი:ურთიერთსწავლება
ეფექტური საშუალებაა კითხვის უნარის გასავითარებლად
მეთოდი ითვალისწინებს ტექსტის წაკითხვას ჯგუფურად,სადაც ჯგუფის თითოეული წევრი წინასწარ განსაზღვრულ როლს ასრულებს.
მეთოდი აერთიანებს სხვადასხვა კოგნიტურ და მეტაკოგნიტურ აქტივობას.
ძირითადად გამოიყენება 4 აქტივობა:
1.ბუნდოვანი ადგილების ახსნა/განმარტება;
2.კითხვების დასმა;
3.შეჯამება;
4.ვარაუდების გამოთქმა.
ოთხივე აქტივობა ძალიან მნიშვნელოვანი და ფუნდამენტურია შეგნებული კითხვის განსავითარებლად.თითოეული მათგანი  კონკრეტულ უნარ ჩვევას ავითერებს მოსწავლეებში.
მოსწავლეები იწყებენ ტექსტის დამუშავებას.ჯგუფის წევრები სხვადასხვა აქტივობების გამოყენებით ამუშავებენ მოცემულ ტექსტს განსაზღვრულ დროში.
მოსწავლე, რომელსაც ბუნდოვანი ადგილების ახსნა ევალება ტექსტში მისთვის გაუგებარ ადგილებს მოინიშნავს და აცნობს მეგობრებს.ბავშვები ჯგუფში ცდილობენ თავადვე მოახერხონ მათი ახსნა ან დაეხმაროს მასწავლებელი. ეს ეტაპი განსაკუთრებით იმ მოსწავლეებისთვის ,რომელთაც ჰგონიათ, რომ კითხვის მიზანი მხოლოდ სიტყვების სწორად ამოკითხვაა და ტექსტის მიღმა რა იგულისხმება მათვის უმნიშვნელოა.ახსნა/განმარტების ფაზაზე ,როდესაც მათ მოეთხოვებათ გაარკვიონ და ნათელი მოჰფინონ ბუნდოვან ადგილებს ასეტი მოსწავლეებიც კი ცდილობენ მიუბრუნდნენ წაკითხულს და მეგობრების ან მასწავლებლის დახმარებით გაიაზრონ იგი. ტექსტის მუშაობის დასრულების შემდეგ პრეზენტაციას კლასის წინაშე მხოლოდ ერთი ჯგუფი აკეთებს ,დანარჩენები კი ცდილობენ განსხვავებული მოსაზრებებით შეავსონ იგი.მომდევნო ეტაპზე ჯგუფში როლები იცვლება, რაციმას გულისხმობს , რომ გაკვეთილის განმავლობაში ყველა მოსწავლეს მოუწევს ოთხივე ტიპის დავალების შესრულება.
მოსწავლე, რომელსაც კითხვების დასმა ევალება ცდილობს კონცენტრირება მოახდინოს ტექსტზე , სიღრმისეულად გაიაზროს კონტექსტი და დასვას სხვადასხვა ტიპის შეკითხვა,რომელთაც მოგვიანებით უზიარებს ჯგუფის წევრებს. ხშირად შეიძლება შეკითხვამ ჯგუფში დავა და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვიოს. ამ შემთხვევაში მასწავლებლის მითითებით ისინი თავიდან უბრუნდებიან ტექსტს, რათა უკეთ გაიგონ იგი. ამგვარად კითხვბის დასმა ეფექტურს ხსნის გაგების პროცესს.
ჯგუფის მესამე წევრი ცდილობს შეაჯამოს მოცემული ტექსტი და შემდეგ გააცნოს ჯგუფის წევრებს. ისინი ერთობლივად მსჯელობენ საკვანძო დეტალების შესახებ.რაც მათვის უფრო გასაგებს ხდის როგორ ამოკრიფონ ტექსტიდან მთავარი იფორმაცია და მოახდინონ მათი სინთეზი.საბოლოოდ აყალიბებენ ტექსტის მოკლე შეჯამებას.ეს ერთ-ერთი ურთულესი ეტაპია ტექსტის კითხვის დროს.ჯგუფის მეოთხე წევრი ცდილობს დაფიქრდეს და გამოთქვას ვარაუდები.რა შეიძლება მოხდეს ტექსტი მომდევნო მონაკვეთში.ამ დროს მოსწავლეები  ცდილობენ ყურადღებით გაეცნონ  ტექსტს,რათა მხედველობიდან არ გამორჩეთ ავტორის მიერ გაკეთებული მინიშნებები.გამოთქვავენ ჰიპოთეზებს.მომდევნო მონაკვეთს  უკვე დიდი ინტერესებით ეცნობიან,რათა დაადასტურონ ან უარყონ მათ მიერ გამოთქმული ვარაუდები.ეს კი ეფექტურია იმ მხრივ, რომ უვითარდებათ წარმოსახვისა და ფანტაზიის უნარი.
ვარაუდები შესაძლებელია გამოითქვას, როგორც ტექსტის წაკითხვამდე, ესე მისი წაკითხვის შემდგომ.პირველ შემთხვევაში მკითხველს ეხმარება სათაური,ილუსტრაცია ან ქვეთავი.მეორე შემთხვევაში კი მას უწევს თვით ტექსტში მოძებნოს მცირე მინიშნებები.
საბოლოოდ ჯგუფები კლასის წინაშე თითო მონაკვეთის პრეზენტაციას წარმოადგენენ და სრულად შეავსებენ მასწავლებლის მიერ წინასწარ მომზადბულ საპრეზენტაციო სქემებს.



გაკვეთილის შემაჯამებელ ეტაპზე ვიყენებთ ვიზუალიზების ატივობას.და ჯგუფი ქმნის ერთობლივ ნამუშევარს. მოსწავლეებმა ტექსტის წაკითხვის შემდგომ უნდა შექმნან ილუსტრაციები, ანუ წარმოდგინონ და გააკეთონ ჩანახატები წაკითხულ ეპიზოდზე, რაც ხელს უწყობს ფანტაზიისა და წარმოსახვის უარის განვითარებას.
მუშაობის ამგვარი ფორმა იძულებულს ხდის ჯგუფის თითოეულ წევრს აქტიურად ჩაერთოს პროცესში და თამამად გამოთქვას საკუთარი მოსაზრებები.გარდა ამისა ხელს უწყობს სხვადასხვაგვარი უნარის მოსწავლეთა ურთიერთთანამშრომლობას.

Monday, October 11, 2010

ცოდნა, გაგება, გამოყენება

                                                                                                                                                                        რწყილი და ჭიანჭველა
მზად ხარ,რომ დაეხმარო რწყილს ჭიანჭველას გადარჩენაში?!
თუ კი, მაშინ ითამაშე

მცენარის ღერო

გაკვეთილის სათაური:ღეროში წყლის მოძრაობაზე დაკვირვება
მიზანი:მოსწავლემ შეძლოს ღეროს აგებულების დაკავშირება მის ფუნქციასთან.
საჭირო მასალა: 2 ც. გამჭვირვალე ჭიქა წყლით, მაკრატელი ღეროს გადასაჭრელად, ნიახურის, იასამნის (ან სხვა მცენარის) 2ც.ფოთლებიანი სქელი ღერო.
სამუშაოს მსვლელობა:
1.აიღეთ წყლით სავსე ორი ჭიქა.ერთ-ერთში ჩააწვეთეთ რამდენიმე წვეთი მაგალითად წითელი ფერის საღებავი.წარმოიდგინეთ , რომ წითელი საღებავი არის ნიადაგის წყალში გახსნილი მარილები;
2.მაკრატლით გადაჭერით ღეროზე გამომშრალი ბოლო ნაწილი;
3.ორივე ჭიქაში მოათავსეთ მცენარე;
4. ივარაუდეთ :რა ცვლილებები შეიძლება განიცადოს ღერომ ორივე ჭიქაში?
5. ერთი დღის შემდეგ ამოიღეთ მცენარის ორივე ღერო და დაათვალიერეთ (თუ გაქვთ ლუპა გამოიყენეთ ის ღეროს დასათვალიერებლად).



შედეგების შეჯამება:
1.რატომ ავიღეთ ორი ჭიქა და მხოლოდ ერთში ჩავასხით საღებავი?რა ეწოდება ჭიქას ჩვეულებრივი წყლით?
(საკონტროლო ცდა)
2.რამ გამოიწვია ერთ-ერთი ღეროს ფერის ცვლილება?
(საღებავმა)
3.რა დავადგინეთ შეფერილი ღეროს საშუალებით?
(ღერო ატარებს წყალს ქვემოდან ფოთლების მიმართულებით)
4.რა გზით ხვდება ნიადაგიდან წყალი და მარილები ფოთოლში?
(ღეროში არსებული წვრილი მილებით)
დავალება
შენ უკვე საკმაოდ იცი იმის შესახებ ,თუ როგორ გადაადგილდება წყალი ღეროში.ამიტომ დააკვირდი ყურადღებით გადაღებულ ცდას და უპასუხე კითხვებს:
რატომ შეიცვალა გვირგვინის ფურცლებმა ფერი?
რით აიხსნება ცდის შედეგი?
რა კავშირია ცდის შედეგსა და მცენარეში ღეროს მნიშვნელობას შორის?


ჩაატარე ცდა!!! (მე-5 კლასი)

გაზიანი სასმელები აირს შეიცავს.ბოთლის გახსნის ან ბოთლში სითხის შენჯღრევის შემდეგ მასში არსებული აირი გარეთ გამოდის.

დაგეგმე ექსპერიმენტი  გაზიანი სასმელიდან აირის შესაგროვებლად;
ჩამოთვალე საჭირო მასალა,რომლებსაც გამოიყენებ;
როგორ მიხვდები, რომ აირი შეაგროვე?



სახამებლის აღმოჩენა მცენარეში
ფოთოლში ფოტოსინთეზის დროს წარმოიქმნება ნახშირწყალი-სახამებელი.სახამებელი მცენარეში გროვდება,თუმცა ის მცენარის მხოლოდ ზოგიერთ ნაწილშია.
როგორ უნდა მიხვდე მცენარის რომელ ნაწილშია სახამებელი?
ჩაატარე ცდა:
ცდისათვის დაგჭირდება:
იოდის ხსნარი,ვაშლის ერთი ნაყოფი და კარტოფილის ერთი გორგლი.
1.მოამზადე ვაშლის ნაყოფისა და კარტოფილის გორგლის თხელი ნაჭერი.
2.დადე ისინი ქაღალდზე.
3.პიპეტით აიღე ცოტაოდენი იოდი.
4.ორ-ორი წვეთი დააწვეთე ვაშლისა და კარტოფილის ნაჭრებს.
5.დაათვალიერე ის ადგილი, სადაც იოდი დააწვეთე და აღწერე მისი ფერი.
უპასუხე:
რა ფერის გახდა ვაშლის ნაჭერი იმ ადგილას, სადაც იოდი დააწვეთე?
რა ფერის გახდა კარტოფილის ნაჭერი იმ ადგილას, სადაც იოდი დააწვეთე? 



შენს მიერ ჩატარებულ ცდაში გამოჩნდა , რომ იოდი სხვადასხვა ფერს სძენს ვაშლისა და კარტოფილის ნაჭრებს.
ეს ფერი იმაზეა დამოკიდებული, აის თუ არა ამ ნაჭრებში სახამებელი.
ვაშლის ნაყოფში სახამებელი არ არის.
კარტოფილის გორგლი სახამებელს დიდი რაოდენობით შეიცავს.
იოდს ეძახიან სახამებლის ინდიკატორს,ანუ სახამებლის მაჩვენებელს,აღმომჩენს.

Saturday, October 2, 2010

ყვავილოვანი მცენარეები(მე-5 კლასი)

                                          მცენარათა მრავალფეროვნება

ჩვეულებრივ, როდესაც ვამბობთ-ყვავილები დავკრიფე,ამა და ამ პიროვნებას ლამაზი ყვავილი ვაჩუქეო,ვგულისხმობთ რომელიმე ,მცენარეს მაგალითად ,იას,ვარდს თუ ტიტას.სინამდვილეში ყვავილი მცენარის მხოლოდ ერთი ნაწილია,თავად ასეთ მცენარეს კი,რადგან მას ყვავილი აქვს,ყვავილოვანი მცენარე ეწოდება. წიგნში და ვებ-გვერდზე ნახავ მრავალნაირი ყვავილოვანი მცენარის ფოტოებს,მაგრამ ჯობს ბუნებაში გახვიდე და "პირადად გაიცნო"ისინი.მით უმეტეს, რომ შენი სამშობლო უმდიდრესია ნაირგვარი ყვავილოვანი მცენარით,"გვაქვს უთვალავი ფერითა"და მათი ნახვა ერთ სიამოვნებად ღირს.
ყვავილოვანი მცენარეების გაცნობა დავიწყოთ იმ მცენარეებით, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში შემოდგომაზე ყვავილობს.
მცენარეებს, ისევე როგორც სხვა ცოცხალ არსებებს ,საკუთარი სახელები აქვთ.ზოგიერთი ასახავს ამ მცენარის თვისებებს:ყვავილის ფერს(თეთრყვავილა),ზომას ან ფორმას(თაგვიკუდა),ფოთლების რაოდენობას(სამყურა)და სხვ.
რას უნდა ნიშნავდეს "ყოჩივარდა"?ვცადოთ ამ სახელწოდების ორ სიტყვად დაშლა:"ყოჩი' და "ვარდი".მოგიყვები ამ მცენარის და აგრეთვე ყოჩის შესახებ,შენ კი გამოიცანი რა კავშირი აქვს ყველაფერ ამას მცენარის სახელწოდებასთან.
ყოჩივარდა:
ყოჩივარდას ყვავილი ვარდისფერია.ზოგიერთი მცენარე,მათ შორის ყოჩივარდაც ძალიან ადრე-თებერვალში ყვავილობს.ამიტომ ჯერ ყოჩივარდას ყვავილი გაიშლება ხოლმე ,შემდეგ კი მას სხვა ყვავილებიც მოჰყვება.
ყოჩი:
ყოჩი ეწოდება მამალ ცხვარს, რომელიც წინ მოუძღვის ფარას.



                                                            ახლა გამოიცანი:
რას შეიძლება ნიშნავდეს მცენარის სახელწოდება "ყოჩივარდა".
რასთან არის შედარებული მცენარე და რატომ;მცენარის რა თვისებას აღნიშნავს ეს სახელწოდება?
დავალება:
შეაგროვე მცენარეები და გააკეთე ჰერბარიუმი.გადაუღე ბუჩქებსა და ხე-მცენარეებს ფოტოებიწარუდგინე ეს მასალა მოსახლეობას და დაადგინე მცენარეების სახელწოდებები.სასურველია გამოკითხვაში ჩართოთ ხანდაზმული ადამიანები, რომლებმაც ბევრი ისეთი სახელწოდება იციან ხოლმე,ახალგაზრდებს რომ არ გაუგიათ.


ცხოველები ცოცხალი ორგანიზმებია, რადგან :
გრძნობენ, მოძრაობენ და იზრდებიან;
იღებენ საკვებს და ჟანგბადს;
გამოყოფენ ნარჩენებს;
მრავლდებიან.
მცენარეებიც ცოცხალი ორგანიზმებია.ჩვენ ამის თქმა მასზე დაკვირვების შედეგად შეგვიძლია.
მცენარეს შეუძლია შეიგრძნოს სინათლე და გადაიხაროს მისკენ და არა მარტო:








მცენარეები იკვებებიან და გამოყოფენ ნარჩენებს, მაგალითად ჟანგბადს;




როგორ ასრულებს ფესვი თავის ფუნქციას?
მცენარის ფესვები ნიადაგში იზრდება .ფესვის ბოლოები უწვრილესი ფესვის ბუსუსებითაა დაფარული. ფესვის ბუსუსების დახმარებით ხდება წყლისა და მარილების შეწოვა.
ბუსუსები ძალიან ნაზია.თუ მცენარის გადარგვას მოინდომებ, მაგალიტად ,ერთი ქოთნიდან მეორეში,მცენარე ისე უნდა ამოიღო მიწიდან,რომ ბუსუსები არ დაუზიანდეს.ფესვს აუცილებლად უნდა ჰქონდეს შერჩენილი გარშემო მიწის ნაწილი.



გარდა ამისა ფესვები მცენარეს ნიადაგში ამაგრებს.ასე რომ,მცენარის ნიადაგიდან ამოღება არც თუ ისე ადვილია.
ერთ ცნობილ რუსულ ზღაპარში ,ბოსტანში უზარმაზარი თალგამი გაიზარდა.პაპამ განიზრახა მისი მიწიდან ამოღება,მაგრამ ძვრა ვერ უყო.გაინტერესებს ვინ დაეხმარა პაპას თალგმის ამოღება?
უყურე ნახატ ფილმს:



მართლაც მცენარეები მყარად ემაგრებიან მიწას ფესვის საშუალებით და მათი ამოღება არც ისე ადვილია.
ყვავილი და მისი ორგანოები
დაათვალიერე მრავალძარღვას ღეროს მილები
შეამოწმე შენი ცოდნა :
დაათვალიერე ეს ბმული და შემოხაზე სწორი პასუხი -მცენარის რომელ ორგანოს ვიყენებთ საკვებად?